2022 წლის 18 სექტემბერს, იურიდიული დახმარების სამსახურმა, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, ბათუმის საქალაქო სასამართლოში ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლო პროცესი ჩაატარა.
სასამართლო პროცესი ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვასთან დაკავშირებულ საქმეს ეხებოდა. ნაფიც მსაჯულებად წარმოდგენილი იქნენ პარალეგალები/სტუდენტები., რომლებიც USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით გადამზადდენ ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხში და უკვე შეუძლიათ საზოგადოებისთვის პირველადი იურიდიული დახმარების გაწევა. სასამართლო პროცესზე მოპაექრე მხარეებს წარმოადგენდნენ ექსპერტი იურისტები და პროკურორები.
სასამართლო პროცესში მოსამართლის როლი შეასრულეს ამერიკელმა მოსამართლე ჯეიმს რედვაინმა და ბათუმის სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლე ლევან ყოლბაიამ. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ამერიკელი მოსამართლე მონაწილეობდა იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ გამართულ იმიტირებულ სასამართლო პროცესში და ჰქონდა საშუალება დაკვირვებოდა მართლმსაჯულების პროცესში ჩართული მხარეების ქმედებებსა და სტრატეგიებს.
პროცესის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე ნილ ვაინსტაინმა. შეხვედრის ბოლოს პროცესში მონაწილე "ნაფიც მსაჯულებს", ანუ პარალეგალებს სპეციალური სერტიფიკატები გადაეცათ.
აღსანიშნავია, რომ უკვე მეორე წელია, მოსახლეობის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით, იურიდიული დახმარების სამსახური ახორციელებს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართულ კამპანიას - "ვაქციოთ კანონი ყველასათვის ხელმისაწვდომი", რომლის ფარგლებშიც უკვე მე-17 იმიტირებული სასამართლო პროცესი ჩატარდა.