იურიდიული დახმარების საბჭო:
ა) კონკურსის წესით ირჩევს დირექტორს და იღებს გადაწყვეტილებას დირექტორისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ;
ბ) ამტკიცებს სამსახურის სტრატეგიას და ახორციელებს მისი შესრულების მონიტორინგს;
გ) დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სამსახურის დებულებას, ხოლო საბჭოს თავმჯდომარის წარდგინებით − საბჭოს დებულებას;
დ) დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სამსახურის მიერ გაწეული იურიდიული კონსულტაციისა და იურიდიული დახმარების ხარისხის შეფასების წესსა და კრიტერიუმებს;
ე) ამტკიცებს იურიდიული დახმარების გაწევის კრიტერიუმებს, რომელთა საფუძველზედაც დირექტორმა შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება პირისთვის იურიდიული დახმარების გაწევის შესახებ;
ვ) დირექტორის წარდგინებით იღებს გადაწყვეტილებებს იურიდიული დახმარების ბიუროს/საკონსულტაციო ცენტრის შექმნისა და გაუქმების თაობაზე, განსაზღვრავს იურიდიული დახმარების ბიუროსა და მიმწოდებლის სამოქმედო ტერიტორიებს;
ზ) დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სამსახურის საშტატო ნუსხას და თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებისათვის გამოყოფილი თანხის ზღვრულ ოდენობას;
თ) დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს რეესტრში რეგისტრირებული ადვოკატის საქმეში ჩართვის პროცედურას, მისი შრომის ანაზღაურების ოდენობას და გაცემის წესს;
ი) დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს საკონსულტაციო ცენტრის, იურიდიული დახმარების ბიუროს, მიმწოდებლისა და რეესტრში რეგისტრირებული ადვოკატის ანგარიშგების წესსა და ფორმას;
კ) ყოველი საბიუჯეტო წლის ბოლოს ისმენს დირექტორის ფინანსურ ანგარიშს სამსახურის საქმიანობის შესახებ;
ლ) ისმენს დირექტორის მიმდინარე და წლიურ ანგარიშებს სამსახურის საქმიანობის შესახებ;
მ) სამსახურის საქმიანობის გაუმჯობესების თაობაზე რეკომენდაციით მიმართავს დირექტორს და საბჭოს დებულებით განსაზღვრულ ფარგლებში ახორციელებს მისი შესრულების მონიტორინგს;
ნ) საჭიროების შემთხვევაში ისმენს იურიდიული დახმარების ბიუროს/საკონსულტაციო ცენტრის საქმიანობის შესახებ ანგარიშს, აგრეთვე მათ წინადადებებს სამსახურის საქმიანობის ოპტიმიზაციის თაობაზე;
ო) უფლებამოსილია მოისმინოს სამსახურში დასაქმებული პირის პრეტენზია დირექტორის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით;
პ) უფლებამოსილია განახორციელოს კვლევა, რომლის მიზანია იურიდიული დახმარებისა და იურიდიული კონსულტაციის ხელმისაწვდომობისა და ხარისხის შესწავლა;
ჟ) პოპულარიზაციას უწევს სამსახურის საქმიანობას;
რ) ახორციელებს ამ კანონითა და საბჭოს დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.