ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
  • 1485 | +995 (32) 2920055
  • info@legalaid.ge

საბჭოს შესახებ

იურიდიული დახმარების სამსახურის მართვის, ფუნქციების ეფექტიანი შესრულების, სამსახურის დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილია კოლეგიური ორგანო − იურიდიული დახმარების საბჭო.

საბჭო თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია. საბჭოს წევრის საქმიანობა არ ანაზღაურდება.

საბჭოს სხდომა საჯაროა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც, განსახილველი საკითხის შინაარსიდან გამომდინარე, საბჭო მიზანშეწონილად მიიჩნევს სხდომის დახურვას.

 

არჩევა და უფლებამოსილების ვადა

 

საბჭო შედგება 9 წევრისაგან, რომელთაგან:

➥3 წევრს ირჩევს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო.

➥3 წევრს − საქართველოს სახალხო დამცველი.

➥1 წევრს იურიდიული დახმარების ბიუროების ადვოკატთაგან შეარჩევენ იურიდიული დახმარების ბიუროები.

➥1 წევრს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თანამშრომელთაგან წარადგენს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

➥1 წევრს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებისაგან − საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

 

იურიდიული დახმარების საბჭოს უფლებამოსილებები

 

იურიდიული დახმარების საბჭო:

ა) კონკურსის წესით ირჩევს დირექტორს და იღებს გადაწყვეტილებას დირექტორისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ;

ბ) ამტკიცებს სამსახურის სტრატეგიას და ახორციელებს მისი შესრულების მონიტორინგს;

გ) დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სამსახურის დებულებას, ხოლო საბჭოს თავმჯდომარის წარდგინებით − საბჭოს დებულებას;

დ) დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სამსახურის მიერ გაწეული იურიდიული კონსულტაციისა და იურიდიული დახმარების ხარისხის შეფასების წესსა და კრიტერიუმებს;

ე) ამტკიცებს იურიდიული დახმარების გაწევის კრიტერიუმებს, რომელთა საფუძველზედაც დირექტორმა შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება პირისთვის იურიდიული დახმარების გაწევის შესახებ;

ვ) დირექტორის წარდგინებით იღებს გადაწყვეტილებებს იურიდიული დახმარების ბიუროს/საკონსულტაციო ცენტრის შექმნისა და გაუქმების თაობაზე, განსაზღვრავს იურიდიული დახმარების ბიუროსა და მიმწოდებლის სამოქმედო ტერიტორიებს;

ზ) დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სამსახურის საშტატო ნუსხას და თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებისათვის გამოყოფილი თანხის ზღვრულ ოდენობას;

თ) დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს რეესტრში რეგისტრირებული ადვოკატის საქმეში ჩართვის პროცედურას, მისი შრომის ანაზღაურების ოდენობას და გაცემის წესს;

ი) დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს საკონსულტაციო ცენტრის, იურიდიული დახმარების ბიუროს, მიმწოდებლისა და რეესტრში რეგისტრირებული ადვოკატის ანგარიშგების წესსა და ფორმას;

კ) ყოველი საბიუჯეტო წლის ბოლოს ისმენს დირექტორის ფინანსურ ანგარიშს სამსახურის საქმიანობის შესახებ;

ლ) ისმენს დირექტორის მიმდინარე და წლიურ ანგარიშებს სამსახურის საქმიანობის შესახებ;

მ) სამსახურის საქმიანობის გაუმჯობესების თაობაზე რეკომენდაციით მიმართავს დირექტორს და საბჭოს დებულებით განსაზღვრულ ფარგლებში ახორციელებს მისი შესრულების მონიტორინგს;

ნ) საჭიროების შემთხვევაში ისმენს იურიდიული დახმარების ბიუროს/საკონსულტაციო ცენტრის საქმიანობის შესახებ ანგარიშს, აგრეთვე მათ წინადადებებს სამსახურის საქმიანობის ოპტიმიზაციის თაობაზე;

ო) უფლებამოსილია მოისმინოს სამსახურში დასაქმებული პირის პრეტენზია დირექტორის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით;

პ) უფლებამოსილია განახორციელოს კვლევა, რომლის მიზანია იურიდიული დახმარებისა და იურიდიული კონსულტაციის ხელმისაწვდომობისა და ხარისხის შესწავლა;

ჟ) პოპულარიზაციას უწევს სამსახურის საქმიანობას;

რ) ახორციელებს ამ კანონითა და საბჭოს დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

საბჭოს თავმჯდომარე

 

საბჭოს თავმჯდომარე აირჩევა საბჭოს წევრებისგან, საბჭოს სრული შემადგენლობის ხმათა უმრავლესობით, 1 წლის ვადით. ერთი და იგივე პირი თავმჯდომარედ შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.

თავმჯდომარე იწვევს და უძღვება საბჭოს სხდომებს, ხელს აწერს საბჭოს მიერ მიღებულ რეკომენდაციებს და საბჭოს სახელით შედგენილ სხვა დოკუმენტებს, საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს საბჭოს დებულების პროექტს.

საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი

 

საბჭო უფლებამოსილია, თუ მის სხდომას ესწრება წევრთა არანაკლებ ორი მესამედი. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე წევრების ხმათა უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა. ზემოთ მითითებული „ა,“ „ბ,“ „ე“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით.