ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
  • 1485 | +995 (32) 2920055
  • info@legalaid.ge

ხშირად დასმული შეკითხვები

რა არის იურიდიული კონსულტაცია?

ყველასთვის ხელმისაწვდომი სამართლებრივი რჩევა ნებისმიერ სამართლებრივ საკითხზე.

ვის შეუძლია მიიღოის იურიდიული კონსულტაცია?

ნებისმიერ პირს. კერძოდ, საქართველოს მოქალაქეს, მოქალაქეობის არმქონე პირს, უცხო ქვეყნის მოქალაქეს.

რას გულისხმობს იურიდიული დახმარება?

სამართლებრივ კონსულტაციას, დოკუმენტების შედგენას, ადვოკატის წარმომადგენლობას სასამართლოში ან ადმინისტრაციულ ორგანოში.

ვის შეუძლია მიიღოს იურიდიული დახმარება?

კანონით გათვალისწინებულ პირს. კერძოდ, გადახდისუუნარო პირს, არასრულწლოვანს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, ოჯახში ძალადობის მსხვერპლს/სავარაუდო მსხვერპლს, მხარდაჭერის მიმღებ პირს, თავშესაფრის მაძიებელს, პირს, რომელზეც ვრცელდება სავალდებულო დაცვა (დეტალურად იხილეთ „სამსახურის მანდატი“).

არის თუ არა იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისები (იურიდიული კონსულტაცია/დახმარება) ფასიანი?

იურიდიული დახმარების სამსახურის მომსახურეობა ბენეფიციარისთვის უფასოა. სამსახური ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

რომელ სამინისტროს ექვემდებარება იურიდიული დახმარების სამსახური?

სამსახური არ ექვემდებარება არცერთ სამინისტროს ან სხვა უწყებას. სამსახური დამოუკიდებელია და ანგარიშვალდებულია მხოლოდ საქართველოს პარლამენტის წინაშე.

იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატებს „სახაზინო ადვოკატები“ ეწოდებათ?

2015 წლიდან იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატებს ეწოდებათ „საზოგადოებრივი ადვოკატები“.

შეუძლია თუ არა ბენეფიციარს აირჩიოს ადვოკატი?

ბენეფიციარს არ შეუძლია ადვოკატის არჩევა. ადვოკატის დანიშვნა ხორციელდება სამსახურში არსებული ელექტრონული სისტემის მეშვეობით, რომელიც ავტომატურად, ადვოკატების დატვირთულობის მიხედვით, ანაწილებს საქმეებს.

სად შეიძლება უფასო იურიდიული კონსულტაციის მიღება?

ქვეყნის მასშტაბით სამსახურს აქვს 43 ოფისი - 13 იურიდიული დახმარების ბიურო და 30 საკონსულტაციო ცენტრი. სამსახურის აპარატის გარდა, იურიდიული კონსულტაციის მიღება შესაძლებელია მთელი საქართველოს მასშტაბით ბიუროებსა და საკონსულტაციო ცენტრებში (დეტალურად სამსახურის მისამართები იხილეთ „ოფისებში“).

რით განსხვავდება იურიდიული დახმარების ბიურო საკონსულტაციო ცენტრისგან?

საკონსულტაციო ცენტრში მუშაობს მხოლოდ ერთი კონსულტანტი და სამართლებრივ რჩევებს გასცემს ნებისმიერი პირისთვის ნებისმიერ სამართლებრივ საკითხზე, ასევე ამზადებს სამართლებრივ დოკუმენტებს. იურიდიული დახმარების ბიუროში, კონსულტანტის გარდა, მუშაობენ ადვოკატები სისხლის სამართლისა და სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით, რომლებიც მონაწილეობენ სასამართლო პროცესებში და ბენეფიციარის ინტერესებს იცავენ სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებში.

შეუძლია თუ არა ბრალდებულს უარი თქვას საზოგადოებრივი ადვოკატის მომსახურებაზე?

მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს სავალდებულო დაცვის შემთხვევა.

შეიძლება თუ არა იურიდიული კონსულტაციის მიღება ტელეფონით ან ინტერნეტით?

იურიდიული კონსულტაციის მიღება შესაძლებელია ტელეფონით შემდეგ ნომერზე: 14 85 ან 032 292 55. ონლაინ საშუალებით კონსულტაციის მიღებისათვის არსებობს რამდენიმე შესაძლებლობა: 1. სოციალური ქსელი - Facebook: იურიდიული დახმარების სამსახური / Legal Aid Service; 2. ელექტრონული ფოსტა: info@legalaid.ge; 3. მობილური საკონსულტაციო აპლიკაცია - იურიდიული დახმარების სამსახური.

რა არის იურიდიული დახმარების სამსახურის ქოლ ცენტრის ნომერი?

ყველა სახის ტელეფონიდან აკრიფეთ ნომერი 14 85 ან დარეკეთ 032 292 00 55

სამსახურის მანდატი

სამსახურის მანდატი სისხლის სამართალში

საზოგადოებრივი ადვოკატები ახორციელებენ ბრალდებულთა სავალდებულო დაცვას, გადახდისუუნარობის ფაქტის მიუხედავად. ბრალდებულს სავალდებულო წესით ენიშნება ადვოკატი, თუ:

• არასრულწლოვანია;
• არ იცის სისხლის სამართლის პროცესის ენა;
• აქვს შესაძლებლობის იმგვარი შეზღუდვა, რაც ხელს უშლის მის მიერ საკუთარი დაცვის განხორციელებას;
• გამოტანილია განჩინება (დადგენილება) სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ;
• თუკი ჩადენილი ქმედებისათვის გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა უვადო თავისუფლების აღკვეთის სახით;
• მასთან მიმდინარეობს მოლაპარაკება საპროცესო შეთანხმების დადების თაობაზე;
• სისხლის სამართლის საქმეს იხილავს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო;
• თავს არიდებს სამართალდამცავ ორგანოში გამოცხადებას;
• გააძევეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან;
• არაიდენტიფიცირებული პირია;
• განიხილება მისი გამარტივებული პროცედურის გამოყენებით უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციის საკითხი;
• სისხლის სამართლის კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში.


არასრულწლოვანი მოწმე/დაზარალებული

სამსახური, არასრულწლოვანის გადახდისუუნარობის მიუხედავად, უზრუნველყოფს იურიდიულ დახმარებას, თუ საქმეში არ მონაწილეობს მის მიერ აყვანილი ადვოკატი.


ბრალდებული/მსჯავრდებული (ადვოკატის დანიშვნის სხვა საფუძვლები)

სასამართლო უფლებამოსილია, სავალდებულო წესით დანიშნოს ადვოკატი, თუკი ბრალდებულის ან მსჯავრდებულის ადვოკატი არასაპატიო მიზეზით არ ცხადდება სასამართლოში.

ბრალდებული, მსჯავრდებული (18 დან 21 წლამდე პირი)
18 წლიდან 21 წლამდე ბრალდებული/მსჯავრდებული, სარგებლობს უფასო იურიდიული დახმარების უფლებით;

სამსახურის მანდატი სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში

სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის საქმეებში იურიდიული დახმარება უზრუნველყოფილია შემდეგი პირებისთვის:

გადახდისუუნარო პირი
სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში, იურიდიული დახმარება უზრუნველყოფილია გადახდისუუნარო პირისათვის, საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით. გადახდისუუნარო პირებისთვის სამართლებრივი დოკუმენტების შედგენა უზრუნველყოფილია, საქმის მნიშვნელობისა და სირთულის მიუხედავად.

არასრულწლოვანი
სამსახური, არასრულწლოვანის გადახდისუუნარობის მიუხედავად, უზრუნველყოფს იურიდიულ დახმარებას, თუ საქმეში არ მონაწილეობს მის მიერ აყვანილი ადვოკატი.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დაცვა
იურიდიულ დახმარება უზრუნველყოფილია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, გადახდისუუნარობის მიუხედავად.

ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა/სავარაუდო მსხვერპლთა დაცვა
იურიდიული დახმარება უზრუნველყოფილია ქალთა მიმართ ძალადობის/ოჯახში ძალადობის მსხვერპლის/სავარაუდო მსხვერპლის გადახდისუნარიანობისა და საქმის სირთულისა და მნიშვნელობის მიუხედავად, როდესაც სასამართლო განიხილავს დამცავი ორდერის გამოცემის საკითხს, თუ საქმეში არ მონაწილეობს მათ მიერ აყვანილი ადვოკატი.

შემაკავებელი ორდერის გამოცემის დროს იურიდიული დახმარება უზრუნველყოფილია, თუ ძალადობის მსხვერპლი/სავარაუდო მსხვერპლი აკმაყოფილებს გადახდისუუნარობის კრიტერიუმს.

სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე იურიდიული დახმარება უზრუნველყოფილია ოჯახში ძალადობის მსხვერპლისათვის, რომელიც დაკავშირებულია ოჯახში ძალადობის ფაქტთან, მიუხედავად მსხვერპლის გადახდისუნარიანობისა, თუ მან ზოგადი წესით არ აირჩია ადვოკატი.

იურიდიული დახმარებით სარგებლობის უფლება სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე უზრუნველყოფილია მე-5 მუხლის 25-ე ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუკი დადასტურდება ერთ-ერთი შემდეგი გარემოება:

სამსახურისათვის მომართვამდე 12 თვის განმავლობაში პირის შემოსავალი არ აღემატებოდა 6000 ლარს, ბანკში მის სახელზე გახსნილ ანგარიშზე არსებული თანხის ოდენობა ცნობის გაცემის მომენტისთვის არ აღემატება 500 ლარს, ხოლო 90 დღის განმავლობაში აღნიშნულ ანგარიშზე არსებული თანხის ბრუნვა არ აღემატება 1500 ლარს.

თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა დაცვა
სამსახური უზრუნველყოფს იურიდიულ დახმარებას იმ თავშესაფრის მაძიებლებისა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთათვის, რომელთა საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებული დავაც უნდა განიხილოს სასამართლომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, მიუხედავად მისი გადახდისუნარიანობისა, იმ შემთხვევაში, თუ ამ პირმა ადვოკატი ზოგადი წესით არ აირჩია საქმის მნიშვნელობის და სირთულის მიუხედავად.

მხარდაჭერის მიმღებ პირთა დაცვა
იურიდიულ დახმარება უზრუნველყოფილია იმ პირისათვის, რომლის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის საკითხიც უნდა განიხილოს სასამართლომ. აგრეთვე, მაშინ, როდესაც მხარდაჭერის მიმღები პირი არის მხარე სამოქალაქო ან/და ადმინისტრაციულ საქმეზე. ამ შემთხვევაში, მნიშვნელობა არ აქვს პირის გადახდისუნარიანობას, საქმის მნიშვნელობასა და სირთულეს.

ბრალდებული/მსჯავრდებული პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებული დისციპლინური წარმოებისას ბრალდებული/მსჯავრდებული უზრუნველყოფილია იურიდიული დახმარებით, პირის გადახდისუუნარობის შემთხვევაში;

სამართალდამრღვევი/სავარაუდო სამართალდამრღვევი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული წარმოებისას, სავარაუდო სამართალდამრღვევი/სამართალდამრღვევი უზრუნველყოფილია იურიდიული დახმარებით, მისი გადახდისუუნარობის შემთხვევაში თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის სახდელის სახით გათვალისწინებულია მხოლოდ ადმინისტრაციული პატიმრობა ან ადმინისტრაციული პატიმრობა სხვა სახის სახდელთან ერთად;

პაციენტი/ბრალდებული იურიდიული დახმარებით სარგებლობს, აგრეთვე პაციენტი/ბრალდებული არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით, პირის სტაციონარში მოთავსებისას, მისი გადახდისუუნარობის მიუხედავად;

პაციენტი პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის საქმის სასამართლოში განხილვისას პირი უზრუნველყოფილია იურიდიული დახმარებით, მისი გადახდისუნარიანობის მიუხედავად;

ადვოკატის დანიშვნის საგამონაკლისო წესი სამსახურის დირექტორმა იურიდიული დახმარების საბჭოს მიერ განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე, შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება იმ პირისათვის იურიდიული დახმარების გაწევის შესახებ, რომელიც არ არის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრი.

იურიდიული დახმარების საბჭოს მიერ განსაზღვრულია იურიდიული დახმარების გაწევის შემდეგი კრიტერიუმები:

პირი მომართვამდე რეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, რომელიც საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 ივნისის #424 დადგენილების შესაბამისად, ითვლებოდა გადახდისუუნაროდ და ენიჭებოდა სახელმწიფო ხარჯზე იურიდიული დახმარებით სარგებლობის უფლება, მაგრამ მომართვისას მისი ბოლო მონაცემი გადასულია არქივში;

თუ პირის ოჯახი არ არის რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში, მაგრამ წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, იგი იმყოფება ისეთ მძიმე სოციალურ მდგომარეობაში, რომ შეუძლებელია მის მიერ ადვოკატის დაქირავება;

პირი დაავადებულია მძიმე ან განუკურნებელი დაავადებით, რომლის ჩამონათვალი განისაზღვრება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, 2013 წლის 15 თებერვლის, №01-6/ნ ბრძანებით, ასევე საქართველოს მთავრობის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ შესაბამისი დადგენილებით და არ არის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრი.

მარტოხელა მშობელი;

პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებული პირი, ან მისი გარდაცვალების შემთხვევაში მისი პირველი რიგის მემკვიდრე;

ასაკით პენსიონერი;

პირი, იურიდიული დახმარების სამსახურში დასაქმებული ადვოკატი, ადვოკატის ოჯახის წევრი ან ახლო ნათესავია;

მარჩენალდაკარგული ოჯახის წევრი;

ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის ბენეფიციარი;

საერთაშორისო ჰუმანიტარული კავშირის ,,კათარზისის’’ (სათნოების სახლი) ბენეფიციარი;

არასრულწლოვანი პირი, რომელიც შესაძლოა იყოს მხარე სამოქალაქო/ადმინისტრაციულ საქმეებზე;

პირი, რომელსაც ოჯახში კონფლიქტის ან/და ერთობლივ შემოსავალზე შეზღუდული წვდომის არსებობის შემთხვევაში ესაჭიროება იურიდიული დახმარება.