იურიდიული დახმარების სამსახური არის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც უზრუნველყოფს იურიდიული კონსულტაციისა და იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, კანონით გათვალისწინებული პირებისათვის. უფასო იურიდიული დახმარების სისტემას საფუძველი ჩაეყარა 2005 წელს. 2007 წელს, ძალაში შევიდა იურიდიული დახმარების შესახებ საქართველოს კანონი, რომელმაც განსაზღვრა იურიდიული დახმარების სისტემის ინსტიტუციური მოწყობა, ბენეფიციართა წრე და სერვისით სარგებლობის პირობები.
იურიდიული დახმარების სამსახური დამოუკიდებელია, არ ექვემდებარება არც ერთ სახელმწიფო ორგანოს და ანგარიშვალდებულია მხოლოდ საქართველოს პარლამენტის წინაშე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
➥სამსახურის მიზანია: სამართლებრივი მომსახურების მიწოდება და საზოგადოებაში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება.
➥სამსახურის საქმიანობის პრინციპებია: კანონიერება, თანასწორობა, დამოუკიდებლობა და გამჭვირვალობა.
➥სამართლებრივი მომსახურება მოიცავს: იურიდიულ კონსულტაციასა და იურიდიულ დახმარებას.
➥სამართლებრივი მომსახურების მიღება: უფასოა და ანაზღაურდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
იურიდიული კონსულტაცია არის სამართლებრივი რჩევა, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა პირისათვის (ფიზიკური და იურიდიული პირი) ნებისმიერ სამართლებრივ საკითხზე.
იურიდიული დახმარება გულისმობს სამართლებრივი დოკუმენტების შედგენას, წარმომადგენლობას სასამართლოში ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეებთან დაკავშირებით და ადმინისტრაციულ ორგანოში, აგრეთვე სისხლის სამართლის პროცესში და ხელმისაწვდომია მხოლოდ კანონით გათვალისწინებული პირებისათვის.
ინფორმაცია სამსახურის მანდატის შესახებ - სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე, ასევე ადვოკატის საგამონაკლისო წესით დანიშვნის თაობაზე, დეტალურად იხილეთ აქ
იურიდიული დახმარების სამსახურის მიზნებისთვის გადახდისუუნარო პირი არის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრი, რომლის სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებელი განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის №424 დადგენილებით. აღნიშნული დადგენილების თანახმად: გადახდისუუნაროდ ითვლება სოციალურად დაუცველი პირი, რომლის სარეიტინგო ქულა შეადგენს 70 000 ან ნაკლებს;
გარდა ამისა, გადახდისუუნაროდ, ასევე, ითვლება 100 000 ან ნაკლები ქულის მქონე სოციალურად დაუცველი, რომელიც მიეკუთვნება შემდეგი კატეგორიებიდან ერთ-ერთს:
➥მრავალშვილიანი ოჯახის წევრი, რომელსაც ჰყავს 3 ან მეტი 18 წელს მიუღწეველი ბავშვი;
➥ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი;
➥18 წლამდე ასაკის დედ-მამით ობოლი ბავშვი;
➥რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის შედეგად იძულებით გადაადგილებული პირი.
იურიდიული დახმარების სამსახური იურიდიულ კონსულტაციასა და იურიდიულ დახმარებას უზრუნველყოფს ბიუროებისა და საკონსულტაციო ცენტრების მეშვეობით.
სამსახურს საქართველოს მასშტაბით 13 ქალაქში აქვს იურიდიული დახმარების ბიურო და 30 საკონსულტაციო ცენტრი სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში (დეტალურად იხილეთ „სამსახურის ოფისები“).
იურიდიული კონსულტაციის მიღება და ფორმები
იურიდიული კონსულტაციის მიღება შესაძლებელია საკონსულტაციო ცენტრებში და იურიდიული დახმარების ბიუროებში.
საკონსულტაციო ცენტრის კონსულტანტი უფლებამოსილია სამართლებრივი რჩევასთან ერთად, პირს მოუმზადოს ასევე სამართლებრივი დოკუმენტი, თუ პირი აკმაყოფილებს კანონით დადგენილ კრიტერიუმებს (დეტალურად იხილეთ „სამსახურის მანდატი“).
იურიდიული კონსულტაციის მიღება შესაძლებელია პირადად საკონსულტაციო ცენტრში/ბიუროში გამოცხადებით ან სატელეფონო ან/და ონლაინ საშუალებით.
სატელეფონო საშუალებით იურიდიული კონსულტაციის მიღება შესაძლებელია შემდეგ ტელეფონის ნომრებზე კონსულტანტ-ოპერატორებისაგან: +995 292 0055 ან 14 85;
ონლაინ საშუალებით კონსულტაციის მიღებისათვის არსებობს რამდენიმე შესაძლებლობა:
➥სოციალური ქსელი - Facebook: იურიდიული დახმარების სამსახური / Legal Aid Service;
➥ელექტრონული ფოსტა: info@legalaid.ge;
➥მობილური საკონსულტაციო აპლიკაცია - LAS GEORGIA.
მობილური საკონსულტაციო აპლიკაცია შეიქმნა 2021 წელს, სადაც უფასო იურიდიულ კონსულტაციის მიღება შესაძლებელია ბავშვის უფლებებთან დაკავშირებით.
კონსულტაციის სხვა ფორმებისაგან განსხვავებით, მობილური აპლიკაციით კონსულტაციის მიღებისას პირს შეუძლია დარჩეს ანონიმური.
აპლიკაცია ხელმისაწვდომია მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში მცხოვრები პირისთვის. აპლიკაციის ჩამოტვირთვა შესაძლებელია როგორც Android, ისე iOS სისტემის ტელეფონებისთვის.
მომავალში, მობილური აპლიკაციით კონსულტაციის მიღება შესაძლებელი იქნება ასევე სხვა კატეგორიის საქმეებზეც, მათ შორის ინგლისურ და რუსულ ენებზე.
იურიდიული დახმარების მიღების პროცედურა და ვადები
იურიდიული დახმარების მიღება (სამართლებრივი დოკუმენტის შედგენა, წარმომადგენლობა სასამართლოში ან/და ადმინისტრაციულ ორგანოში) შესაძლებელია იურიდიული დახმარების ბიუროებში.
იურიდიული დახმარების ბიუროში გამოცხადებისას პირი სამართლებრივ კონსულტაციას გადის კონსულტანტთან, რომელიც ეხმარება მას ასევე იურიდიული დახმარების მიღების შესახებ განცხადების შედგენაში.
სისხლის სამართლის პროცესში საზოგადოებრივი ადვოკატის საქმეში ჩართვა შესაძლებელია:
ა) ბრალდებულის, მსჯავრდებულის ან/და გამართლებულის ან მისი წარმომადგენლის ან/და ახლო ნათესავის მიმართვის საფუძველზე;
ბ) პროცესის მწარმოებელი ორგანოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმართვის საფუძველზე.
სამოქალაქო/ადმინისტრაციულ სამართლის პროცესში საზოგადოებრივი ადვოკატის საქმეში ჩართვას შესაძლებელია:
ა) უშუალოდ იმ პირის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის მიმართვის საფუძველზე, რომელიც ითხოვს იურიდიულ დახმარებას;
ბ) სასამართლოს დასაბუთებული განჩინების საფუძველზე.
საზოგადოებრივი ადვოკატის დანიშვნა, თუ პირი აკმაყოფილებს კანონით დადგენილ კრიტერიუმებს, ხორციელდება დაუყოვნებლივ ან არაუმეტეს 2 სამუშაო დღის ვადაში.
იურიდიული დახმარების გაწევაზე უარის თქმის შემთხვევაში, ბიუროს უფროსის გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია სამსახურის დირექტორთან 1 თვის ვადაში, ხოლო სამსახურის დირეტორის გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლოში ამავე ვადაში.