18 ოქტომბერს, უფასო სამართლებრივ დახმარებაზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, პირველად ამოქმედდა "იურიდიული დახმარების მობილური საკონსულტაციო ცენტრი".
პროექტი იურიდიული დახმარების სამსახურმა გერმანიის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით განახორციელა.
"მობილური საკონსულტაციო ცენტრი" არის შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი სპეციალური მიკროავტობუსი, სადაც შესაძლებელია ინდივიდუალური სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა კონფიდენციალურობის დაცვით, საჭირო შემთხვევაში მომზადდება სამართლებრივი დოკუმენტები. ცენტრი ეწვევა უმეტესად მაღალმთიან ან კონფლიქტით დაზარალებულ სოფლებს, სადაც იურიდიული დახმარების ბიუროები და საკონსულტაციო ცენტრები მოშორებით მდებარეობს.
მობილური იურიდიული დახმარების საკონსულტაციო ცენტრის გახსნას დაესწრნენ გერმანიის ელჩი საქართველოში პეტერ ფიშერი, UNDP-ის მოქმედი ხელმძღვანელი საქართველოში ანნა ჩერნიშოვა და იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი დავით სიმონია. მათ იურიდიული დახმარების მიწოდების გზებზე და სამსახურის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს.
„გერმანიისა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით, კიდევ უფრო გავაფართოვეთ ჩვენი სერვისები, რათა საქართველოს მოსახლეობას სრულყოფილად მოვემსახუროთ. ჩვენი მიზანია დაუცველი ადამიანების ხელშეწყობა და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაზრდა, ჩვენი მომსახურება ბენეფიციარებისათვის უფასოა“, - განაცხადა დავით სიმონიამ, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა.
„მობილური საკონსულტაციო ცენტრის მხარდაჭერით ხელს ვუწყობთ მოწყვლადი ჯგუფების იურიდიულ დახმარებას, რომელთაც ეს მომსახურება განსაკუთრებით სჭირდებათ, და სამართლიანი და ინკლუზიური საზოგადოების შექმნას“, - აღნიშნა პიტერ ფიშერმა, გერმანიის ელჩმა საქართველოში.
„მართლმსაჯულება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა. ჩვენი ინიციატივა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს იმის უზრუნველყოფაში, რომ საზოგადოების მოწყვლადმა და დაუცველმა ჯგუფებმა სრულყოფილად განახორციელონ თავისი უფლებები და მიიღონ ხარისხიანი იურიდიული მომსახურება“ - თქვა ანნა ჩერნიშოვამ, UNDP-ის მოქმედმა ხელმძღვანელმა საქართველოში.
ამავე დღეს მობილური საკონსულტაციო ცენტრმა პირველი გასვლა განახორციელა და სამართლებრივი დახმარება გაუწია კონფლიქტისპირა ზონის სოფელ ნიქოზის მოსახლეობას.
იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი დავით სიმონია შეხვდა ზემო და ქვემო ნიქოზის, ასევე ზემო და ქვემო ხვითის მოსახლეობას, გააცნო მათ იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისები და აუხსნა, თუ რა შესაძლებლობას იძლევა მობილური საკონსულტაციო ცენტრი.
გორის იურიდიული დახმარების ბიუროს კონსულტანტმა ნინო მასურაშვილმა მობილურ საკონსულტაციო ცენტრში პირველი ბენეფიციარები მიიღო და ინდივიდუალური კონსულტაციები გაუწია ნიქოზის მცხოვრებლებს. ნიქოზელებმა განაცხადეს, რომ სოფლების მოსახლეობას აუცილებლად ესაჭიროება კვალიფიციური იურიდიული დახმარება, ვინაიდან დაგროვილია პრობლემები საბანკო სესხების, მემკვიდრეობის, სოციალური დახმარებების, მიწის რეგისტრაციის და სხვა და საკითხებზე. შესაბამისად, მობილური საკონსულტაციო ცენტრის ვიზიტი კონფლიქტისპირა ზონის ამ და სხვა სოფლებშიც ინტენსიურად განხორციელდება.