14 ივნისს, ქალაქ ბათუმში, იურიდიული დახმარების სამსახურისა და „USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის“ ორგანიზებით გაიმართა პანელური დისკუსია სახელწოდებით - „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვის უფლებების დაცვა საქართველოში“ .
შეხვედრის ფარგლებში დამსწრე საზოგადოებას არსებული პრაქტიკა გააცნეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ - ჯემალ სურმანიძემ; იურიდიული დახმარების სამსახურის ბათუმის ბიუროს უფროსმა - იამზე ზანდარაძემ; ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ - ხათუნა ბოლქვაძემ; ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ - ირმა ტოგონიძემ; ბათუმის მერიის ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების უფროსმა - რუსუდან სალუქვაძემ; საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ბათუმის ფილიალის ხელმძღვანელმა - თამარ წულუკიძემ.
პანელურ დისკუსიას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები. დისკუსია წარიმართა მონაწილეთა აქტიური ჩართულობით.
იურიდიული დახმარების სამსახური ემსახურება შშმ პირებს შექმნის დღიდან კანონით დადგენილი წესით, ხოლო 2021 წლის 1 იანვრიდან სრულად. ამ დროიდან მოყოლებული უფასო იურიდიული დახმარებით ისარგებლა 3678-მა შშმ პირმა. საზოგადოებრივი ადვოკატები თავიანთ საცხოვრებელ ადგილებზე ემსახურებიან მათ, ვისაც დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია. სუსტი მხედველობისა და მხედველობის არმქონე პირთათვის ადაპტირებულია სამსახურის ვებგვერდი www.legalaid.ge, ხოლო საბავშვო ვებგვერდი www.children.las.ge ადაპტირებულია ასევე სმენადაქვეითებულთათვის, რომლებიც ჟესტურ ენას იყენებენ.
სახელმწიფო მხარს უჭერს იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ტერიტორიული სამსახურებისა და დანაყოფების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, რაც გულისხმობს როგორც ინფრასტრუქტურის, ისე მომსახურების ხელმისაწვდომობას. დღესდღეობით ეტლით მოსარგებლეთათვის ადაპტირებულია სამსახურის რამდენიმე ოფისი და ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება.
იურიდიული დახმარების სამსახურში დაგეგმილია სხვა რეფორმებისა და პროექტების განხორციელებაც, რომელიც უფრო მეტად გააუმჯობესებს საქართველოში შშმ პირთა უფლებების სამართლებრივ დაცვას.
USAID Rule of Law Program I USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა