იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი რაჟდენ კუპრაშვილი საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გამართულ ევროკომისიის 12 - პუნქტიან რეკომენდაციაზე მომუშავე ჯგუფის სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდა.
იურიდიული დახმარების სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მართლმსაჯულების რეფორმირების პრაქტიკული ნაბიჯები განიხილეს.
მათივე შეფასებით, მართლმსაჯულების სისტემის გაძლიერება საჭიროებს მრავალმხრივ ჩართულობას და კონსტრუქციულ მიდგომას და თანამშრომლობა, პოზიციების გაცვლა, განსხვავებული გამოცდილების გაზიარება არის ამ პროცესის წარმატების მნიშვნელოვანი წინაპირობა.
„დემოკრატიული ღირებულებების პატივისცემა გულისხმობს სწორედ ჩართულობასა და აქტიურობას. მიმაჩნია, რომ მართლმსაჯულების სისტემის მნიშვნელობიდან გამომდინარე, სამუშაო ჯგუფის მონაწილე მხარეების მხრიდან აღნიშნულის გაცნობიერება განსაკუთრებით აქტუალური და აუცილებელია“, - განაცხადა რაჟდენ კუპრაშვილმა.