19 იანვარს, ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა, დავით სიმონიამ სამსახურის 2023 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.
ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს სამსახურმა აწარმოა 14 410 სისხლის, 4 517 სამოქალაქო და 1 901 ადმინისტრაციული სამართლის საქმე; კონსულტაცია გასწია 37 730 საკითხზე.
დავით სიმონიამ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოს მოსახლეობის ხელმისაწვდომობა უფასო სამართლებრივ დახმარებაზე, გაიხსნა იურიდიული დახმარების 6 საკონსულტაციო ცენტრი, მათ შორის, ოკუპირებული ზონის მიმდებარედ, სოფელ რუხში. ამავე მიზნით, 2023 წელს, ამოქმედდა იურიდიული დახმარების "მობილური საკონსულტაციო ცენტრი", რომელიც წარმოადგენს სპეციალურად აღჭურვილ მიკროავტობუსს, სადაც შესაძლებელია სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა კონფიდენციალურობის დაცვით. მობილური საკონსულტაციო ცენტრი გადაადგილდება ცენტრიდან დაშორებულ სოფლებში და მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომს ხდის როგორც ზეპირ კონსულტაციას, ასევე სამართლებრივი დოკუმენტების შედგენას. პროექტის ფარგლებში განხორციელდა 9 რეგიონალური შეხვედრა და კონსულტაცია გაეწია 500-მდე ადამიანს.
მოსახლეობის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით, შედგა 107 შეხვედრა მოსახლეობასთან; სასწავლო ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა 37 ტრენინგი ადვოკატებისა და კონსულტანტების გადასამზადებლად; ეფექტურად გაგრძელდა პროექტი "პარალეგალი", რომლის ფარგლებშიც ჩატარდა 33 შეხვედრა და 5 იმიტირებული სასამართლო პროცესი. საერთო ჯამში ღონისძიებებს 1700-მდე ადამიანი დაესწრო.
გასულ წელს საზოგადოებრივი ადვოკატები და სამსახურის ადმინისტრაციის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ არაერთ საერთაშორისო შეხვედრაში. ადვოკატებმა ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიარეს სპეციალური გადამზადება ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიმართულებით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სხვადასხვა ქვეყნის იურიდიულ წრეებში მაღალი შეფასება მიეცა სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის "ადვოკატის მიერ გაწეული მომსახურების ხარისხის შეფასების სისტემას" და განხორციელდა რამდენიმე საერთაშორისო დელეგაციის ვიზიტი ამ სისტემის თავიანთ ქვეყნებში დასანერგად.
დავით სიმონიამ მოწვეულ სტუმრებს სამსახურის სამომავლო სტრატეგიაც გააცნო. მან მხარაჭერისათვის მადლობა გადაუხადა დონორი და პარტნიორი ორგანიზაციების (USAID/EWMI, UNDP, UNHCR, COE, UN OHCHR, INL) წარმომადგენლებს და გადასცა მათ სპეციალური საჩუქრები.
შეკრებილ საზოგადოებას მიმართეს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანმა, იურიდიული დახმარბის სამსახურის ყოფილმა დირექტორმა, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსმა რაჟდენ კუპრაშვილმა, USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის კოორდინატორმა ირინა ლორთქიფანიძემ, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) პროგრამის კოორდინატორმა თორნიკე ცაგარეიშვილმა, გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარიატის პროგრამის (UN OHCHR) ხელმძღვანელმა ბესო ბოხაშვილმა და იურიდიული დახმარების საბჭოს წევრმა რამაზ ჩინჩალაძემ.
შეხვედრის ბოლოს დაჯილდოვდნენ წარმატებული ადვოკატები და მადლობა გამოეცხადათ სამსახურის ადმინისტრაციის თანამშრომლებს.