11 ივლისს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი რაჟდენ კუპრაშვილი მონაწილეობდა საქართველოში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების ცენტრის გახსნის ღონისძიებაში.
ცენტრი გაიხსნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან არსებული სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დახმარების სააგენტოს, გაეროს ბავშვთა ფონდისა და ესტონეთის მთავრობის მჭიდრო პარტნიორობით. მისი კონცეფციის შემუშავებაში ასევე ჩართული იყო იურიდიული დახმარების სამსახურიც.
"იურიდიული დახმარების სამსახურისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ბავშვებზე და განსაკუთრებით სექსუალური ძალადობის მსხვერპლ არასრულწლოვანებზე ზრუნვა. პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით, კომპლექსური მიდგომით არის შესაძლებელი ბავშვების ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია და მისასალმებელია, რომ უკვე, ამ მნიშვნელოვანი პროცესის განსახორციელებლად, სპეციალური სივრცე იარსებებს" - განაცხადა რაჟდენ კუპრაშვილმა სპეციალურ კონფერენციაზე, რომელიც ცენტრის გახსნის შემდგომ გაიმართა.