25 ივლისს, ბათუმში, დასრულდა იურიდიული დახმარების სამსახურის პარალეგალთა რეესტრში ჩარიცხული პირველი პარალეგალების გადამზადება.
ვინ არის პარალეგალი
პარალეგალი არის არაიურისტი პირი, რომელიც იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ დაგეგმილი გადამზადების პროგრამის გავლის შემდეგ, შეძლებს მოსახლეობას გაუწიოს პირველადი კონსულტაცია სამართლებრივ საკითხებზე.
კვირის განმავლობაში, პროექტის მონაწილეებმა გაიარეს ტრენინგი ქალთა უფლებებისა და ტრეფიკინგის საკითხებზე. ქალთა უფლებების საკითხებზე ტრენერებად წარმოდგენილი იყვნენ: დიანა ბერეკაშვილი, თამარ ალანია და თამარ ონიანი. ხოლო, ტრეფიკინგის საკითხებზე - მარი მესხი.
აქვე, მადლობას ვუხდით USAID სამართლის უზენაესობის პროგრამას, პროექტის დაფინანსებისა და მნიშვნელოვანი მხარდაჭერისათვის.
პროექტის პირველი ეტაპის დახურვის ღონისძიებაზე, გაიმართა „კარიერული საუბრები“ სტუდენტებთან. შეხვედრა გახსნა იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ფარგლებში რეგიონულმა მრჩეველმა ირინა ლორთქიფანიძემ. სტუდენტებს კარიერული გამოცდილების შესახებ მოესაუბრნენ სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი, ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ჭეხანი, არასამთავრობო ორგანიზაცია „საორსას“ დამფუძნებლები ლელა და ლია ფუტკარაძეები.
დასასრულს, იურიდიული დახმარების სამსახურის პარალეგალთა რეესტრში ჩარიცხულ პირველ პარალეგალებს გადაეცათ სერტიფიკატები.
“სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება არის სოციალური ცვლილებების კატალიზატორი, რომელსაც მივყავართ სოციალური სამართლიანობის, კანონის უზენაესობის, სამართლებრივი უსაფრთხოების დამკვიდრებისკენ. ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ ხშირ შემთხვევაში, ადამიანის უფლებების რეალიზაცია ვერ ხორციელდება დაბალი სამართლებრივი ცნობიერებისა და კვალიფიციური სამართლებრივი კონსულტაციების იოლი ხელმისაწვდომობის არარსებობის გამო.
პროექტი “ პარალეგალით“ ჩვენ ახალი შესაძლებლობა გავაჩინეთ ჩვენი მოქალაქეებისთვის მეტად ხელმისაწვდომი გავხადოთ კომპეტენტური სამართლებრივი კონსულტაციები.
სამომავლოდ, იურიდიული დახმარების სამსახური, მთელი საქართველოს მასშტაბით, შექმნის პარალეგალთა რეესტრს და სხვადასხვა აქტივობებთან ერთად, პარალეგალებს მიეცემათ საშუალება მონაწილეობა მიიღონ პარალეგალთა ბანაკებში, სადაც ისინი გაიცნობენ ერთამანეთს, გაიცნობენ რეგიონში არსებულ გამოწვევებს და ჩვენთან ერთად, გადადგამენ პირველ ნაბიჯებებს ადამიანის უფლებების რეალიზაციისათვის.” რაჟდენ კუპრაშვილი