2023 წლის 14 სექტემბერს, ბოლნისში, სულხან-საბა ორბელიანის ქ.106 -ში, იურიდიული დახმარების სამსახურის რიგით 43-ე საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა. ამიერიდან, ბოლნისის მოსახლეობისთვის უფასო სამართლებრივი დახმარება კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება.
ცენტრის იურისტ-კონსულტანტი სამართლებრივ რჩევებს გასცემს სხვადასხვა საკითხზე. მათ შორის: სოციალურად დაუცველთა უფლებები, საბანკო ურთიერთობები, მიწის და უძრავი ქონების რეგისტრაცია, მემკვიდრეობა, შრომითი დავები, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა, მხარდამჭერად დანიშვნის საკითხები და სხვა აქტუალური პრობლემები.
გახსნის ცერემონიზე ლენტი გაჭრეს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა დავით სიმონიამ და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ვალენტინა ნავერიანმა.
შემდეგ გაიმართა შეხვედრა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს, მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლების წარმომადგენლებთან, სოციალური სამსახურების თანამშრომლებთან.
იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა დავით სიმონიამ წარმოადგინა პრეზენტაცია უფასო სამართლებრივი დახმარების სისტემის, იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისების, დახმარების მიღების კრიტერიუმების, სამსახურის მუშაობის სპეციფიკის შესახებ და დაწვრილებით ახსნა, თუ რა სახის მომსახურების მიღება იქნება შესაძლებელი საკონსულტაციო ცენტრში.
დარიგდა საინფორმაციო ბროშურები, სადაც მითითებულია საკონტაქტო ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამსახურის შესახებ და აღწერილია, თუ ვის და რა სახის სამართლებრივი დახმარების მიღება შეუძლია.