ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
  • 1485 | +995 (32) 2920055
  • info@legalaid.ge

იურიდიული დახმარების სამსახურის სასწავლო ცენტრი გაიხსნა

2 ივლისს, ქუთაისში, იურიდიული დახმარების სამსახურის სასწავლო ცენტრი გაიხსნა. ახალგარემონტებული ოფისი აღჭურვილია ტრენინგ ცენტრისათვის აუცილებელი ყველა საჭირო ავეჯითა და ტექნიკით.

იურიდიული დახმარების სამსახური, განგრძობადი იურიდიული განათლების ფარგლებში, ინტენსიურად ატარებს ტრენინგებს საზოგადოებრივი ადვოკატებისა და თანამშრომლებისათვის. ქუთაისის სასწავლო ცენტრში შესაძლებელი იქნება როგორც ტრენინგების, ასევე კონფერენციების, „ბენჩბარების“ და სხვა სახის საქმიანი შეხვედრების ჩატარება.

ქუთაისის სასწავლო ცენტრის გახსნის სადღესასწაულო განწყობა გააძლიერა ამ დღის თარიღმაც - 2 ივლისი „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების დღეა, რაც 2007 წელს სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის შექმნის საფუძველი გახდა.

შესაბამისად, სამსახურმა 2022 წელს დაარსების 15 წლისთავი აღნიშნა. ორგანიზაციას დაბადების დღე მიულოცეს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ დავით ასათიანმა, საერთაშორისო დონორი და პრტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, რომლებიც სამსახურის ერთგული გულშემატკივრები არიან და მნიშვნელოვანი წვლილი აქვთ შეტანილი სასწავლო ცენტრის განვითარებაშიც.

რაჟდენ კუპრაშვილი, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი: „ 2 ივლისი უმნიშვნელოვანესი თარიღია იურიდიული დახმარების სამსახურისთვის და სიმბოლურია, რომ სწორედ ამ დღეს, სამსახურის დაარსებიდან 15 წელი აღვნიშნეთ სასწავლო ცენტრის ოფისის გახსნით ქუთაისში, რაც გარკვეულწილად მიანიშნებს სამსახურის მრავალმხრივ განვითარებაზე. თუმცა გამოწვევები ძალიან ბევრია და ჩვენი პარტნიორების, დონორების მხარდაჭერით, დარწმუნებული ვარ, ამ გამოწვევებსაც დავძლევთ. მინდა თითოეულ საზოგადოებრივ ადვოკატს და კონსულტანტებს, ყველა თანამშრომელს მივულოცო ეს დღე და წარმატებები ვუსურვო პროფესიულ საქმიანობაში. ეს პირველ რიგში, ესაჭიროებათ ჩვენს ბენეფიციარებს - სოციალურად დაუცველ, გადახდისუუნარო მოსახლეობას, რომლებისთვისაც სამართლებრივი დახმარება სახელმწიფოს მიერ უფასოდ არის უზრუნველყოფილი“