➥საზოგადოებრივ ადვოკატის საქმეში ჩართვის საფუძველია „იურიდიული დახმარების სამსახური შესახებ“ საქართველოს კანონი, რათა ბენეფიციარისათვის უზრუნველყოფილ იქნეს მართლმსაჯულებაზე ეფექტური ხელმისაწვდომობა.
➥ადვოკატის მომსახურეობა მოიცავს სამართლებრივ კონსულტაციას, დოკუმენტის შედგენას, წარმომადგენლობას სასამართლოში და ადმინისტრაციულ ორგანოებში.
➥ადვოკატი ინიშნება ბენეფიციარის, მისი ახლო ნათესავის, ასევე შესაბამისი საგამოძიებო ორგანოებისა და სასამართლოს მომართვის საფუძველზე.
➥ბენეფიციარს ნებისმიერ დროს აქვს უფლება უარი განაცხადოს საზოგადოებრივი ადვოკატის მომსახურეობაზე და ისარგებლოს კერძო ადვოკატის მომსახურებით.
➥იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ გაწეული ყველა სახის მომსახურება არის უ ფ ა ს ო.
➥ბენეფიციარის ინტერესების პრიორიტეტულობა - ადვოკატმა ყოველთვის უნდა იმოქმედოს ბენეფიციარის ინტერესებიდან გამომდინარე და დააყენოს ის პირად ან სხვა პირების ინტერესებზე მაღლა. ადვოკატი ვალდებულია საქმის წარმართვის სტრატეგია ადვოკატის მიერ საქმეზე განსახორციელებელი კანონიერი მოქმედებები და მათი განხორციელების მეთოდები) შეათანხმოს ბენეფიციართან და იმოქმედოს ამ მითითებების შესაბამისად. შეთანხმებული ქმედებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ადვოკატმა უნდა განუმარტოს ბენეფიციარს მიზეზები. ადვოკატს არ აქვს უფლება შეასრულოს ბენეფიციარის მითითებები თუ ისინი ეწინააღმდეგებიან კანონს.
➥კონფიდენციალობის პრინციპი - ბენეფიციარს შეუძლია თავისუფლად გაანდოს ინფორმაცია ადვოკატს, რადგან ასეთი ინფორმაცია კონფიდენციალურია და დაცულია კანონით. დაუშვებელია ბენეფიციარისა და ადვოკატის კომუნიკაციის ფარული ჩაწერა ან სხვაგვარად მიყურადება. ადვოკატს შეუძლია გაამჟღავნოს კონფიდენციალური ინფორმაცია მხოლოდ ბენეფიციარის თანხმობით, ასევე თუ ეს გამომდინარეობს ბენეფიციარის ინტერესების დაცვის პრინციპიდან ან თუ ეს აუცილებელია ადვოკატის მიერ მის მიმართ წაყენებული ბრალდებისაგან ან მოთხოვნისგან თავის დასაცავად. ბენეფიციარს შეუძლია ადვოკატს განუსაზღვროს იმ პირთა წრე (მაგალითად, ოჯახის წევრები), რომელთაც შეიძლება გადაეცეთ საქმეზე ინფორმაცია ან პირიქით, აუკრძალოს მესამე პირებისთვის (მათ შორის, ოჯახის წევრებისთვის) ინფორმაციის მიწოდება. თუ ბენეფიციარს არ გამოუთქვამს ამ საკითხზე მოსაზრება, ადვოკატი ვალდებულია თავისი ინიციატივით დაადგინოს იმ საკონტაქტო პირთა წრე, ვისაც შეიძლება მიეწოდოს საქმის შესახებ ინფორმაცია. ბენეფიციარისა და ადვოკატის ინფორმაციის კონფიდენციალობა დაცულია წარმომადგენლობის განმავლობაში და მისი დასრულების შემდგომაც.
➥დამოუკიდებლობის პრინციპი - ადვოკატი თავისი პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას დამოუკიდებელია ყოველგვარი გარეშე ზეგავლენისგან ან სხვა სახის ზეწოლისგან და ემორჩილება მხოლოდ კანონმდებლობას და პროფესიული ეთიკის ნორმებს. სამსახურს არ აქვს უფლება ჩაერიოს ადვოკატის მიერ საქმის წარმართვის პროცესში. ადვოკატი საქმის ფარგლებში განსახორციელებელ ქმედებებს უთანხმებს მხოლოდ ბენეფიციარს.
➥ინტერესთა შეუთავსებლობა - ადვოკატი ვალდებულია შეწყვიტოს ყველა იმ ბენეფიციარის საქმის წარმოება, რომელთა ინტერესებსაც იგი წარმოადგენდა, თუკი ბენეფიციარებს შორის წარმოიქმნა ინტერესთა კონფლიქტი და არსებობს ადვოკატის მიმართ ნდობის დარღვევის ან კონფიდენციალობის ხელყოფის საფრთხე. ინტერესთა კონფლიქტი სახეზეა, როდესაც ადვოკატის ვალდებულებები ორი ან მეტი ბენეფიციარის წარმომადგენლობისას ურთიერთსაწინააღმდეგოა (მაგალითად, როდესაც წარმოდგენილია მშობლ(ებ)ის და ბავშვის ინტერესები) ან არსებობს ასეთი წინააღმდეგობის წარმოშობის მნიშვნელოვანი საფრთხე. ინტერესთა კონფლიქტი სახეზეა მაშინაც თუ ბენეფიციარის ინტერესები ეწინააღმდეგება საზოგადოებრივი ადვოკატის ან მასთან დაკავშირებული პირის ინტერესებს.
➥ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპი - ადვოკატი ვალდებულია გულისხმიერებით მოეკიდოს ბენეფიციარის ინტერესების დაცვას და გამოიჩინოს სათანადო ყურადღება მის მიმართ. ადვოკატმა აქტიურად უნდა მოუსმინოს ბენეფიციარს, რათა მოიპოვოს მისი ნდობა და მიიღოს მისგან საქმესთან დაკავშირებით რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია. ადვოკატმა ყურადღება უნდა მიაქციოს არა მხოლოდ ფაქტებსა და გარემოებებს, რომლებიც მნიშვნელოვანია საქმის წარმართვისათვის, არამედ ასევე ბენეფიციარის ემოციურ მდგომარეობასაც. ადვოკატი ბენეფიციარსა და სხვა პირებს უნდა მოეპყრას პატივისცემით, დაიცვას კოლეგალობა და დადგენილი წესრიგი.
➥საქმის გადაცემის შემდეგ, ადვოკატი ვალდებულია ყოველგვარი დაყოვნების გარეშე პირადად შეხვდეს ბენეფიციარს. ამასთან, შეხვედრა უნდა განხორციელდეს საპროცესო, საგამოძიებო ან სხვა ღონისძიების, ასევე სასამართლო სხდომის გამართვამდე. შეხვედრისას ადვოკატმა ბენეფიციართან უნდა შეათანხმოს საქმის წარმართვის სტრატეგია, განსახორციელებელი მოქმედებები და მათი განხორციელების საშუალებები. იმ შემთხვევაში, როდესაც დაუყოვნებლივ პირადად შეხვედრა ობიექტურად შეუძლებელია და ეს არ ხელყოფს ბენეფიციარის ინტერესებს, შეხვედრა უნდა განხორციელდეს გონივრულ ვადაში.
➥ადვოკატი ვალდებულია საქმის დასრულებამდე, გონივრული პერიოდულობით ჰქონდეს ბენეფიციართან კომუნიკაცია პირადად, სატელეფონო ან სხვა ელექტრონული საშუალებით, რომელიც უზრუნველყოფს ბენეფიციართან კონფიდენციალურ კომუნიკაციას და ინფორმაციის თავსუფლად და სათანადოდ მიმოცვლას.
➥შეჩერებულ ან ისეთ საქმეებთან დაკავშირებით, სადაც სამართლებრივი პროცედურების განხორციელება იგეგმება ხანგძლივი პერიოდის შემდგომ, ადვოკატი ვალდებულია განუმარტოს ბენეფიციარს მომდევნო კომუნიკაციის სავარაუდო დრო და პირობები, ასევე საჭიროების შემთხვევაში მასთან დაკავშირების საშუალება. ასეთ შემთხვევაში არ არის აუცილებელი ბენეფიციართან პერიოდული კომუნიკაცია თუ ეს საფრთხის ქვეშ არ დააყენებს ადვოკატსა და ბენეფიციარს შორის ნდობას.
➥ბენეფიციართან შეხვედრა სავალდებულოა თუ სასამართლო პროცესამდე ან სხვა საგამოძიებო ან საპროცესო ღონისძიებების განხორციელებამდე შეიცვალა საქმესთან დაკავშირებული ვითარება (ახალ მტკიცებულებების მოპოვება, საპროცესო შეთანხმების გაფორმების შესახებ შეთავაზების მიღება და ა.შ.) ან თუ ბენეფიციარი კომუნიკაციას ითხოვს მოწინააღმდეგე მხარესთან მოლაპარაკების, სამართალდამცავი, პროცესის მწარმოებელი ორგანოს მიერ მის მიმართ წამების ან სხვა ძალადობის განხორციელების, ახალი მტკიცებულების აღმოჩენის ან საქმესთან დაკავშირებული სხვა არსებითი საკითხის გამო.
➥ადვოკატი ვალდებულია დროულად, გასაგები ენით მიაწოდოს ბენეფიციარს ამომწურავი ინფორმაცია, რაც აუცილებელია საქმესთან დაკავშირებით ბენეფიციარის მიერ გაცნობიერებული გადაწყვეტილების მისაღებად.
➥ბენეფიციარს უნდა განემარტოს მისი უფლებები, ადვოკატის როლი და საქმიანობის პრინციპები, საქმის არსი, მისი წარმართვის პროცედურები, ალტერნატივები და შედეგების, ასევე ნებისმიერი სამართლებრივი საკითხი, რომელიც მას საქმესთან დაკავშირებით აინტერესებს.
➥ადვოკატი ვალდებულია ბენეფიციარს გააცნოს საქმის მასალები და მისი მოთხოვნის შემთხვევაში უფასოდ გადასცეს ასლები, ხოლო საქმის დასრულების შემდეგ, ბენეფიციარს დაუბრუნოს მიწოდებული დოკუმენტების დედნები.
➥ადვოკატი ვალდებულია ბენეფიციარს მიაწოდოს ინფორმაცია მოწინააღმდეგე მხარესთან მოლაპარაკებების შესახებ და განიხილოს მასთან ყველა მნიშვნელოვანი საკითხი.
➥ადვოკატი ვალდებულია ბენეფიციარს მიაწოდოს ინფორმაცია ადვოკატისა და ბენეფიციარის კომუნიკაციის დროის, პერიოდულობისა და საშუალებების შესახებ.
➥იურიდიული დახმარების სამსახური კანონმდებლობით დადგენილი წესით ამუშავებს ბენეფიციარის პერსონალურ ინფორმაციას. საქმის წარმოების, ხარისხის შეფასების, სტატისტიკის დამუშავების, საჯარო ინფორმაციის გაცემისა და კანონით დადგენილი სხვა საქმიანობის განხორციელების მიზნით.
➥პერსონალური მონაცემში იგულისმება ბენეფიციარის შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება მას. კერძოდ, სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ნასამართლეობის შესახებ ინფორმაცია, ოჯახური მდგომარეობა, სამუშაო ადგილი, ჯანმრთელობის მდგომარეობა ასევე ნებისმიერი სხვა ინფორმაცია.