19 მაისს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა, საინფორმაციო კამპანიის - მოძრაობა „ვაქციოთ კანონი ყველასათვის ხელმისაწვდომი" ფარგლებში გამართა შეხვედრა აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს, სოციალური სამსახურების წარმომადგნელებთან და სოფლების რწმუნებულებთან.
სპეციალური პრეზენტაციის ფარგლებში საზოგადოებას მიეწოდა ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისების ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე, ბავშვის უფლებათა კოდექსის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ. ხაზი გაესვა საზოგადოებრივი ადვოკატების მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხს და იმ პროექტებს, რომლის ფარგებლშიც იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატები მაღალკვალიფიციურ დახმარებას უწევენ ბენეფიციარებს.
ღონისძიების მეორე ნაწილი დაეთმო სამსახურის ახალი პროექტის - „პარალეგალების“ წარდგენას. სამეგრელო არის პირველი რეგიონი, სადაც „პარალეგალთა რეესტრის“ ფორმირება დაიწყო. პროექტი „პარალეგალი“ გააერთიანებს საზოგადოების იმ წარმომადგენლებს, რომლებიც პროფესიით იურისტები არ არიან, მაგრამ იურიდიული დახმარების სამსახურის ორგანიზებით გაივლიან სპეციალურ ტრენინგებს სამართლებრივ საკითხებში და ექნებათ შესაძლებლობა პირველადი იურიდიული დახმარება გაუწიონ ახლობლებს, მეზობლებს, მეგობრებს - ყველა დაინტერესებულ პირს, ვინც მათ ამის შესახებ მიმართავს.
შეხვედრები სამეგრელოში ხორციელდება იურიდიული დახმარების სამსახურის სამართლებრივი ცნობიერების ასამაღლებელი საინფორმაციო კამპანიის - მოძრაობა „ვაქციოთ კანონი ყველასათვის ხელმისაწვდომი" ფარგლებში. კამპანიის მხარდამჭერია ევროპის საბჭო (COE).