18 მაისს, ფოთის იურიდიული დახმარების ბიუროს და იურიდიული დახმარების სამსახურის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ჩაატარეს იმიტირებული სასამართლო პროცესი, რომელშიც განზრახ მკვლელობით ჩადენილ საქმეს, „ნაფიცი მსაჯულები“ განიხილავდნენ. „ნაფიც მსაჯულთა შემდგენლობა დაკომპლექტებული იყო ფოთში მცხოვრები დაინტერესებული პირებით - ძირითადად ახალგაზრდებით.
„მსაჯულებმა ყურადღებით მოუსმინეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებს, დასვეს შეკითხვები, ბევრი იმსჯელეს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და საბოლოოდ, შესაბამისი ვერდიქტიც გამოიტანეს.
„ნაფიც მსაჯულთა“ როლში მყოფი ახალგაზრდების აბსოლუტური უმრავლესობა პირველად დაესწრო სასამართლო პროცესს. მიმდინარე საქმე მათთვის ძალზე საინტერესო აღმოჩნდა და განხილვაში მონაწილეობით უდიდესი გამოცდილება შეიძინეს. შესაბამისად, თუ ოდესმე მართლაც მოუწევთ მონაწილეობა ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პროცესში, აღნიშნული გამოცდილება ძალიან გამოადგებათ.
აღსანიშნავია, რომ ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლო პროცესი, რომელშიც მსაჯულები და პროცესის დამსწრეები ამა თუ იმ რეგიონის მოსახლეობა უნდა იყოს, მიზნად ისახავს მოსახლეობის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას და პოტენციურ მომზადებას ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პროცესებში რეალური მონაწილეობის მისაღებად.
ღონისძიება განხორციელდა იურიდიული დახმარების სამსახურის სამართლებრივი ცნობიერების ასამაღლებელი საინფორმაციო კამპანიის - მოძრაობა "ვაქციოთ კანონი ყველასათვის ხელმისაწვდომი" ფარგლებში მიმდინარე პროექტის "იცოდე შენი უფლება 18 წლამდე" ეგიდით და ევროპის საბჭოს (COE) დახმარებით.