ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
  • 1485 | +995 (32) 2920055
  • info@legalaid.ge

ხონში იურიდული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა

20 ივნისს, ხონში, იურიდიული დახმარების სამსახურის ხონის საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა. შესაბამისად უფასო სამართლებრივი დახმარება კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდა ხონის მუნიციპალიტეტში შემავალი დასახლებების მცხოვრებთათვის. მანამდე ხონელებს იურისტების დახმარების მიღება ქუთაისის იურიდიული დახმარების ბიუროში შეეძლოთ. ამიერიდან კი დროული და ეფექტური სამართლებრივი დახმარების მიღება ადგილზე, თვითონ ხონშიც შესაძლებელი იქნება.

სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა ასევე ხონში წარადგინა ადმინისტრაციული შენობის კედელზე დამონტაჟებული იურიდიული დახმარების სამსახურის საინფორმაციო დაფა და საფოსტო ყუთი. მან განაცხადა: „საფოსტო ყუთი“ ჩვენი სამსახურის სიახლეა. იგი მოსახლეობას საშუალებას მისცემს მათთვის მოსახერხებელ დროს, წერილი გამოუგზავნოს სამსახურს და წერილში ასახოს მისთვის პრობლემატური საკითხები. თითოეულ წერილი აუცილებლად განხილული იქნება სამსახურის მიერ და ყველას გაეცემა კვალიფიციური პასუხი. საინფორმაციო დაფები საქართველოს სხვა ქალაქებსა და სოფლებშიც დამონტაჟდება, განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც მოსახლეობისთვის უფასო იურიდიული დახმარება ხელმისაწვდომი არ არის.

გახსნის ცერემონიის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე, ხონის საზოგადოებისთვის წარდგენილი იქნა კოსნულტანტი ლანა უგულავა, რომელიც საკონსულტაციო ცენტრში ყოველდღიურად, მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, მოემსახურება როგორც სოციალურად დაუცველებს, გადახდისუუნაროებს, ასევე, სხვა მოქალაქეებს, ვინაიდან სამსახურის მიერ სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა ყველასთვის უფასოდ ხორციელდება.

სპეციალურ პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო ის უმნიშვნელოვანესი საკითხები, რაზეც იურიდიული დახმარების სამსახური მუშაობს, მოსახლეობას გავაცანით მიმდინარე პროექტები. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია „პარალეგალების“ პროექტმა და ადგილობრივთა ნაწილი უკვე დარეგისტრირდა პირველადი იურიდიული დახმარების გაწევის მსურველთა სიაში.