მიმდინარე წლის 27 მარტს ფოთის იურიდიული დახმარების ბიუროს წარმომადგენლები ხობის მუნიციპალიტეტის სოფლების - ქარიატას და ყულევის მოსახლეობას შეხვდნენ. კონსულტანტმა სალომე ჯანჯღავამ და სპეციალისტმა მაგდა სიორდიამ ადგილობრივებს მიაწოდეს ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისების შესახებ, დაურიგეს საინფორმაციო ბუკლეტები და იურიდიული დახმარების სამსახურის ჟურნალი "საზოგადოებრივი ადვოკატი".
შეხვედრების მეორე ეტაპი დაეთმო მობილურ საკონსულტაციო ცენტრს, რომლის დახმარებითაც ქარიატას და ყულევის მოსახლეობის წარმომადგენლებმა ინდივიდუალური სამართლებრივი კონსულტაციები მიიღეს მათთვის საინტერესო იურიდიულ საკითხებზე.
სულ, ერთი კვირის განმავლობაში, ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჩატარებული საინფორმაციო და მობილური საკონსულტაციო კამპანიის ფარგლებში შედგა 14 შეხვედრა, რასაც დაესწრო დაახლოებით 300 მდე ადამიანი, მობილურ საკონსულტაციო ცენტრში პირადი კონსულტაცია მიიღო 87-მა პირმა და ადგილზე მომზადდა რამდენიმე იურიდიული დოკუმენტი.
აღსანიშნავია რომ იურიდიული დახმარების სამსახურის "მობილური საკონსულტაციო ცენტრი" არის სპეციალური მიკროავტობუსი, რომელიც მოეწყო და აღიჭურვა გერმანიის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის UNDP "კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის" პროექტის ფარგლებში. ცენტრი სპეციალურად განკუთვნილია იმ დასახლებული პუნქტებისათვის, რომელიც იურიდიული დახმარების სამსახურის ოფისებისგან მოშორებით მდებარეობს.