„მომავალი არის დღეს!“
იურიდიული დახმარების სამსახური არის პირველი უწყება საქართველოში, რომელიც პრაქტიკულ საქმიანობაში, იურიდიული კონსულტაციების გაცემისას ხელოვნურ ინტელექტს გამოიყენებს. ინოვაციური სერვისი, რომელიც უფასო სამართლებრივი დახმარების სისტემაში დაინერგება, მნიშვნელოვნად გაზრდის ხელმისაწვდომობას იურიდიულ დახმარებაზე და დაზოგავს ბენეფიციართა დროს.
კონფერენციაზე ონლაინ რეჟიმში გერმანიიდან ჩაერთნენ კომპანია „ნოულიჯ თულს ინთერნეიშენალის“ (Knowelidge Tools International) დამფუძნებელი თილო ვენდი, სამართლის ინჟინერი ოსკარ ფონ კოსელი, ხელოვნური ინტელექტის ალგორითმის პროგრამა მიმოიხილა შტეფან ბრაიდენბახმა, ხოლო პროგრამის პრაქტიკული პრეზენტაცია წარადგინა ლადო სირდაძემ.
რაჟდენ კუპრაშვილი, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი: პროექტი გარკვეული გამოწვევების წინაშეც გვაყენებს და გამოწვევების დაძლევაშიც გვეხმარება. იურიდიული დახმარების სამსახური წელიწადში საშუალოდ 30 000 კონულტაციას გასცემს. მათი უმეტესობა ზეპირი კონსულტაციაა. სწორედ ჩვენი მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ინერგება ინოვაციური მეთოდი, რომელიც საშუალებას იძლევა კონსულტაციები გაიცეს წერილობით, გარდა „ცხელი ხაზის“ სატელეფონო კონსულტაციებისა. ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, რამდენიმე დამაზუსტებელი შეკითხვის საშუალებით, სამსახურის იურისტ-კონსულტანტებს საშუალება ექნებათ რამდენიმე წამში გასცენ წერილობითი კონსულტაცია. გარდა დაზოგილი რესურსებისა, სამსახურს ექნება განზოგადებული მიდგომა გაწეული კონსულტაციების მიმართ, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს გაწეული კონსულტაციების ხარისხის უზრუნველყოფას.