ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
  • 1485 | +995 (32) 2920055
  • info@legalaid.ge

ზემო აჭარაში პარალეგალების მონაწილეობით შეხვედრები ჩატარდა

იურიდიული დახმარების სამსახური მოძრაობის „ვაქციოთ კანონი ყველასათვის ხელმისაწვდომი“ ფარგლებში აგრძელებს საინტერესო პროექტების განხორციელებას.

ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტში, პირველად ჩატარდა პროექტ პარალეგალების პრაქტიკული რეალიზაცია. სამსახურის თანამშრომლებმა, პარალეგალებთან, ამერიკელ სტუმრებთან მოსამართლე, ჯეიმს რედვაინთან და კანადელ ექსპერტ ალან დალთან ერთად გამართეს შეხვედრა ხულოს მოსახლეობასთან.

შეხვედრა გახსნა დირექტორის მოადგილემ დავით სიმონიამ, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია სამსახურის მიზნებისა და ფუნქციების, უფასო იურიდიული სერვისებით სარგებლობისა და მიმდინარე პროექტების შესახებ.

გახსნის შემდგომ პარალეგალებმა პირველად ხულოში წარადგინეს პრეზენტაცია მოსახლეობისათვის ქალთა უფლებებისა და ტრეფიკინგის საკითხებზე.

პროექტ პარალეგალის ფარგლებში, არაიურისტი პირები, იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ დაგეგმილი გადამზადების პროგრამის გავლის შემდეგ, ახორციელებენ მოსახლეობისათვის პირველადი სამართლებრივი კონსულტაციის გაწევას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებისა და მართლმსაჯულებაზე თითოეული ადამიანის ეფექტური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის.

შეხვედრის დასასრულს, სამსახურის იურისტებმა მოსახლეობას გაუწიეს ინდივიდუალური კონსულტაციები, მათთვის საინტერესო საკითხებზე. დამსწრეთა შორის იყვნენ პირები, რომლებიც სოფლებიდან ჩამოვიდნენ სხვადასხვა საკითხებზე ინფორმაციის მისაღებად. შეხვედრების ფარგლებში ხდება ასევე რეგიონებისათვის აქტუალურ საკითხებზე და საჭიეროებებზე ინფორმაციის შეგროვება, რასთან დაკავშირებითაც სამსახური შემდგომ გამართავს კონსულტაციებს სხვადასხვა უწყებებთან და საქართველოს პარლამენტთან.

მადლობას ვუხდით USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამას, პროექტის დაფინანსებისა და მნიშვნელოვანი მხარდაჭერისათვის.